English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ თამთა თოდაძე
საფასო პოლიტიკა საქართველოში

სტატია ეხება საქართველოში ბოლო დროს არსებული ინფლაციის  მაჩვენებლისა და  ფასების დინამიკის გავლენა საარსებო მინიმუმის დონეზე. ახსნილია რამდენად შეცვალა ვითარება COVID-19 პანდემიამ და მის შედეგად განვითარებულმა პროცესებმა, როგორ აისახება ის თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, დასაქმებასა და შემოსავალზე, რამდენად ხელმისაწვდომია არსებული ფასები განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ უპრეცედენტო გლობალური ინფლაციური წნეხის პირობებში შეძლოს ფასების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

         სტატიაში ასევე განხილულია საქართველოსათვის, როგორც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, ინფლაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, მიწოდების მხარეს არსებული შეფერხებები და საერთაშორისო სასაქონლო ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასების დინამიკა. ამასთანავე, ქვეყანაში დაწყებული ეკონომიკის აღდგენის პროცესების პარალელურად გაანალიზებულია ხელისუფლების მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები და თითოეული მოქალაქისათვის პირველადი სამომხმარებლო კალათის ხელმისაწვდომობა. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების საფუძველზე მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები.

 

საკვანძო სიტყვები: ფასების პოლიტიკა საქართველოში, ინფლაცია, ფასების დინამიკა, ცხოვრების დონე, ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა.

 

შესავალი

 

          COVID-19 პანდემია XXI საუკუნის უდიდეს გამოწვევად იქცა არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემისათვის, არამედ თითოეული ქვეყნის და ზოგადად მსოფლიოს ეკონომიკისათვის. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ გამოწვევებს, გლობალურად, სამომხმარებლო ფასების ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდაც ართულებს, რაც არსებით უარყოფით გავლენას ახდენს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე.

          ბოლო ათასწლეულების განმავლობაში, მსოფლიოში, უპრეცედენტო გლობალური ინფლაციური წნეხი ფიქსირდება, რაც ძალიან მწვავედ აისახება განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ  საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, როგორც საკვებ ნედლეულზე, ასევე საწვავზე, შესაბამისად ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, მიწოდების მხარეს არსებული ჯაჭვების რღვევა და საერთაშორისო სასაქონლე ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასები წარმოადგენს, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ადგილობრივ სამომხმარებლო ფასებზე. ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაწყებულია ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც მძლავრი ფისკალური სტიმულის, საკრედიტო აქტივებისა და დაგროვილი ჭარბი დანაზოგების ხარჯვის არხით, აღმავალ ზეწოლას ახდენს ფასებზე, ეს კი მნიშვნელოვნად ართულებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სურათს.  

        საყოველთაო აღიარებით, ინფლაცია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა, რადგან ის იწვევს ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა: - ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, ფასების საერთო დონის ზრდა, შემოსავლისა და სიმდიდრის უთანაბრო გადანაწილება, ეროვნული ვალუტის მყიდველობითუნარიანობის კლება და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პრობლემას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს. მეტიც, საგანგებო მდგომარეობის პირობებში იქ, სადაც პრობლემა გლობალურია და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკას მოიცავს, ისეთი განვითარებადი და იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ დგას, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე.

 

ინფლაციის  არსებული მდგომარეობა და გამომწვევი მიზეზები საქართველოში

 

          2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დიდად მეტი - 12.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 5.7%-ით განისაზღვრა.

           გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასებმა საგრძნობლად მოიმატა  სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (21.3%) და ტრანსპორტის (22.4%) ქვეჯგუფებში, რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრებისათვის აუცილებელ პროდუქტებს/მომსახურებას წარმოადგენენ და პირდაპირ აისახება მათი ცხოვრების დონეზე.  აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები მომატებულია თითქმის ყველა ქვეჯგუფში. (იხ. ცხრილი 1)

 

 

ფასების  ცვლილება 2022 წლის აპრილის თვეში

2021 წლის შესაბამის თვესთან შედარებით (%)

 

ცხრილი 1

 

 

 

    %

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

21.3

6.77

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო

6.1

0.41

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

0.5

0.00

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი

9.4

0.97

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა

10.1

0.52

ჯანმრთელობის დაცვა

2.8

0.23

ტრანსპორტი

22.4

2.70

კავშირგაბმულობა

1.0

0.05

დასვენება, გართობა და კულტურა

3.4

0.11

განათლება

3.1

0.13

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები

12.5

0.63

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება

6.3

0.33

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

       

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამომხმარებლო კალათაში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და 33.09%-ს უტოლდება, აქედან სურსათზე 30.23% მოდის. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, ვხვდებით ფასების 21.3%-იან მატებას, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები საგრძნობლად არის მომატებული ამ ჯგუფში შემავალ თითოეულ პროდუქტზე. (იხ. ცხრილი 2)

 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების  ცვლილება 2022 წლის აპრილის თვეში 2021 წლის შესაბამის თვესთან შედარებით (%)

 

ცხრილი 2

 

 

ზეთი და ცხიმი

20.8

ბოსტნეული და ბაღჩეული

46.2

პური და პურპროდუქტები

28.8

რძე, ყველი და კვერცხი

18

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული

19.3

თევზეული

18.9

ხილი და ყურძენი

14.4

მინერალური წყალი, ნატურალური წვენი, უალკოჰოლო სასმელები

24.1

ყავა, ჩაი და კაკაო

17.6

ხორცი და ხორცის პროდუქტები

10.9

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

        

 

ზემოთ წარმოდგენილი ცხრილიდან, ნათლად ჩანს, რომ ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა ფასებმა აუცილებელ ჯგუფებში საარსებო მინიმუმისა და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ინფლაციის პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი შემდეგნაირად გამოიყურება. (იხ. დიაგრამა 1)

 

 

  წლიური ინფლაციის  დონე 2022 წლის აპრილის თვეში 2021 წლის შესაბამის თვესთან შედარებით (%)

 

 

დიაგრამა 1 

                                                            

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

       

პანდემიის შედეგად მაღალინფლაციური გარემო მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოიშვა. საერთაშორისო ბაზრებზე სურსათსა და ნავთობზე მომატებულმა ფასებმა, წარმოებით პროცესებში წარმოქმნილმა შეფერხებებმა და ტრანსპორტირებაზე მკვეთრად გაზრდილმა ხარჯებმა გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია. ამ ყველაფრს თან ერთვის რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საომარი მოქმედებები, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ რეალობას. აღნიშნულმა, ერთი მხრივ, ძალიან დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ფასების ზრდაზე და მეორე მხრივ, კი  მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების მატება, ხოლო ყველაფერმა ერთად კი ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ მაჩვენებელზე დიდად მეტი ზრდა გამოიწვია.

         ცხადია, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მთავრობა და ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მსოფლიოს ეკონომიკის მხრიდან წამოსული ინფლაციური იმპულსების შესაჩერებლად რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. COVID-19 პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, ინფექციის პრევენციის მიზნით, ხელისუფლების მხრიდან არაერთი შეზღუდვა დაფიქსირდა, რამაც დამატებითი გავლენა იქონია ფასების ზრდაზე, თითოეული მოქალაქის შემოსავალსა და შესაბამისად, მათი ცხოვრების დონეზე. მთავრობის მიერ, წარმოდგენილ იქნა არაერთი ანტიკრიზისული გეგმა, რათა ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული გამოწვევები გადაეჭრა და მეორე მხრივ, მორგებულია სოციალურ კეთილდღეობაზე, რაც გულისხმობს გარკვეული სახის დახმარებებს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დიდად მაღალია მიზნობრივზე და არსებული რეალობა ძალიან მძიმედ აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე.

სამომხმარებლო ფასები,  საარსებო მინიმუმი  და ცხოვრების დონე

           ინფლაციის საგანგაშო ციფრების პარალელურად, ძალიან მძიმე სურათია საარსებო მინიმუმის ზღვართან მიმართებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის აპრილის თვეში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი  241.0 ლარს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით, 2.8 ლარით მეტია, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 213.5 ლარით განისაზღვრა, რაც წინა თვესთან შედარებით 2.5 ლარით მეტია. აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წლის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21.3%-ს შეადგენს და თუ გავითვალისწინებთ, 2020 წლის შემდგომ არსებულ ინფლაციის მაღალ დონეს, სამწუხაროდ, ძალიან დიდია წარმოდგენილი პროცენტული მაჩვენებლის ზრდის ალბათობაც.

         რაც შეეხება დასაქმებას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 11.3%-ით გაიზარდა და  1463.8 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩენებელთან შედარებით 149.1 ლარით მეტია, ხოლო რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2022 წლის I კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 49.9% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო რაც შეეხება დასაქმების დონეს, ეს უკანასკნელი გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით და 40.2%-ს შეადგენს. (იხ. დიაგრამა 2)

 

 

 

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და

დასაქმების დონე 2018-2021 წწ.,  2022 წ. I კვარტ. (%)     

                                                                                                                                                    დიაგრამა 2

                                                                                                                                             

 

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

         სამუშაო ძალასა  და ხელფასის გაზრდილ ოდენობაზე მსჯელობისას, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ აღნიშნული ხელფასები საშუალო არითმეტიკულის მეშვეობითაა დათვლილი, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ერთი დასაქმებული 1463.8 ლარს იღებს ყოველთვიურად, მეტიც, არსებული სოციალურ-ეკონომიკური გარემო, სიღრმისეული დაკვირვების საფუძველზე ნამდვილად გავძლევს იმის ვარაუდს, რომ დასაქმებულთა უმეტესობისათვის, ყოველთვიური ნომინალური ხელფასი დიდად დაბალ ნიშნულზეა. ამასთანავე, აუცილებელია ფულის მყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებაც, რომლის მხედველობაში მიღების გარეშე ანაზღაურების ზრდაზე მსჯელობა აბსურდულია  და არც იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, დასაქმებულთა ანაზღაურება ნამდვილად გაიზარდა თუ  არა.  ამისათვის აუცილებელია ორი კონკრეტული ინდიკატორის გათვალისწინება, ესენია:

  • როგორ შეიცვალა დასაქმებულის ნომინალური შემოსავალი?
  • როგორ შეიცვალა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე (ინფლაცია)?

        ნომინალური ხელფასის ოდენობა გვიჩენებს თუ რამდენი აქვს შემოსავალი კონკრეტულ დასაქმებულს, მისი გაზრდაც ყოველთვიურად ფულადი ერთეულის ზრდას გულისხმობს, თუმცა, ინფლაციის პირობებში, ის საერთოდ არაფერს გვეუბნება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,  რადგან ფასების დონის ცვლილების ეფექტს არ ითვალისწინებს და  გაუგებარს ხდის, თუ რამდენად მეტი პროდუქტის/მომსახურების მიღებაა შესაძლებელი გაზრდილი ფასების ფონზე.

         როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელფასო შემოსავლის ცვლილების ტენდენციის შეფასებისთვის შემოსავლის ცვლილების ინდიკატორად დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება, ფასების დონის ცვლილებისათვის კი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოიყენება. ის რომ 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საშუალო თვიურიხელფასი 1463.8 ლარით განისაზღვრა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული დასაქმებული ამ რაოდენობის შემოსავლის მიმღებია, ვინაიდან მონაცემები საშუალო მაჩვენებლისგან არსებითად არის გადახრილი როგორც მეტობის, ასევე ნაკლებობის მიმართულებით. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, მეორე - უფრო დიდი ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული ციფრი საშემოსავლო გადასახადსაც მოიცავს, რის გამოკლებითაც, საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი 1171 ლარს უტოლდება.

       საგულისხმოა ისიც, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად საერთაშორისო ბაზრიდან პროდუქტების შეძენა, ტურისტებისა თუ ინვესტორების მიღება პირდაპირაა დამოკიდებული ვალუტის გაცვლით კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნომინალური ხელფასი თითქმის ყოველწლიურად იზრდება ლარში, აღნიშნული არგუმენტიდან გამომდინარე, ეს სულაც არ ნიშნავს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მაგალითად, თუ 2013 წელს საშუალოთვიური ხელფასი 773 ლარი იყო, შესაბამისი კურსის პირობებში, ის 465 დოლარს შეადგენდა.  2021 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო ნომინალური ხელფასი  1463.8 ლარს შეადგენდა, თუმცა, მიმდინარე კურსით თუ ვიმსჯელებთ, ის მხოლოდ 472 დოლარის ეკვივალენტია ლარში.

        როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, 2022 წლის მარტის თვის მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 11.8%-იანი ინფლაცია ფიქსირდება, რაც პირდაპირ დამოკიდებულია საშუალო ხელფასის მყიდველობითუნარიანობაზე. თუ ნომინალური ხელფასის ზრდა ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანხა მოცულობით იზრდება, თუმცა, რეალურად მისი მყიდველობითი უნარი მცირდება, რადგან მისი საშუალებით შედარებით ნაკლები პროდუქტები/მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

         მოსახლეობის ცხოვრების დონე ის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას და ხარისხს. ის დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ ფაქტორზე, როგორიცაა: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული და სხვ. მათ შორის ყველაზე მთავარი მოსახლეობის შემოსავალი და დანახარჯებია. ის მიუთითებს საზოგადოებრივი კეთილდღეობის დონეზე და ცხოვრების წესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.  ცხადია, ამ ორს შორის უთანაბრობა არსებობს, რომელსაც ახასიათებს ჯინის კოეფიციენტი და რომლის მნიშვნელობაც 0-დან 1-მდე ვარირებს. რაც უფრო მეტად უახლოვდება მისი მნიშვნელობა 1-ს, მით უფრო მეტი შემოსავალი კონცენტრირდება მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ხელში. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ეს კოეფიციენტი 0.41-ს უდრის.

        საშუალო თვიური შემოსავლებისა და ხარჯების გადანაწილება შინამეურნეობების თითოეულ კატეგორიაზე წარმოდგენილია ცხრილში 3.

     

ცხრილი 3

საშუალო თვიური შემოსავლები და ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე, ლარი

 

2017

2018

2019

2020

შემოსავლები

1110.7

1123.5

1175.3

1100.5

ხარჯები

1093.0

1102.0

1146.1

1038.5

 

საშუალო თვიური შემოსავლები და ხარჯები ერთ სულზე, ლარი

 

2017

2018

2019

2020

შემოსავლები

317.2

318.3

336.1

321.4

ხარჯები

312.2

312.2

327.7

303.3

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები (2021 და 2022წწ. მონაცემები არ არის განახლებული).

     

  როგორც ცხრილიდან ჩანს, შემოსავლების საშუალო მნიშვნელობა მცირედით აღემატება დანახარჯების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობისათვის, შემოსავლის ოდენობა საკმარისია ხარჯების ნაწილში, თუმცა, ეს სრულიად არ ნიშნავს ცხოვრების მაღალ დონეს, იქიდან გამომდინარე, რომ სხვაობა, ერთი მხრივ ძალიან მცირეა, მეორე მხრივ კი, ინფლაციის პირობებში, ბუნდოვანს ხდის კითხვაზე პასუხს - არის კი წარმოდგენილი შემოსავლების ოდენობა სრულიად  საკმარისი?! ძალიან საინტერესოა ის, თუ კონკრეტულად რაზე ნაწილდება საშუალოთვიური ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე. (იხ. ცხრილი 4)

 

 

 

 

ცხრილი 4

 

საშუალო თვიური ხარჯების გადანაწილება ერთ სულზე წლების მიხედვით (ლარი)

                      2017             2018            2019           2020 

1.

სამომხმარებლო ხარჯები სულ (2+3)

230.7

229.1

243.5

234.1

2.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯები

210.5

208.7

223.4

212.7

 

სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე

75.3

78.1

84.5

89.6

 

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე

9.6

9.2

9.3

7.9

 

საოჯახო მოხმარების საქონელზე

9.1

8.5

8.0

7.4

 

ჯანმრთელობის დაცვაზე

28.4

26.0

26.4

25.5

 

საცხოვრებელ სახლზე, წყალზე

 

 

 

 

 

ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა სათბობზე

27.3

27.1

28.8

29.1

 

ტრანსპორტზე

23.2

22.3

26.8

20.8

 

განათლებაზე

7.1

7.2

6.2

4.3

 

სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე

30.6

30.3

33.4

28.2

3.

არაფულადი ხარჯები

20.2

20.5

20.1

21.4

4.

არაფულადი სამომხმარებლო ხარჯები

81.4

83.1

84.2

69.2

 

სასოფლო-სამეურნეო ხარჯები

5.8

6.3

6.7

6.6

 

ტრანსფერატებზე

11.6

9.6

10.1

7.3

 

დაზოგვაზე ან გასესხებაზე

55.0

57.4

58.7

49.6

 

ქონების შეძენაზე

9.1

9.8

8.7

5.6

5.

ფულადი ხარჯები სულ, (2+4)

292.0

291.8

307.6

281.9

6.

ხარჯები, სულ (3+5)

312.2

312.2

327.7

303.3

  წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები (2021 და 2022 წწ. მონაცემები არ არის განახლებული).

 

       ინფლაციის პირობებში, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასების პარალელურად, ძალიან უცნაურია აღნიშნული სტატისტიკა, როგორც შემოსავლების საკმარისობასთან დაკავშირებით ხარჯების ნაწილში, ასევე საარსებო მინიმუმის რაოდენობასთან მიმართებაში, თუმცა ეს ის სტატისტიკური მონაცემებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია რაიმე დასკვნის გაკეთება. წარმოდგენილი მონაცემებისა და მასზე დაფუძნებული სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე კი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფასების მკვეთრი ზრდა სამომხმარებლო კალათის ისეთ ქვეჯგუფებში ფიქსირდება, რაც სიცოცხლისათვის აუცილებელ  პროდუქტებს წარმოადგენს, შესაბამისად, ეს ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახების ცხოვრების დონეს. 

          რაც შეეხება ცხოვრების დონის განმსაზღვრელ კიდევ ერთ,  ყველაზე მნიშვნელოვან  ფაქტორს, 2020 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 21.3% შეადგინა, მისი გადანაწილება წლების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის წილი  2013 წ. - 26.2%, 2014წ.- 23.5%, 2015წ. – 21.6%, 2017წ.- 21.9%,      2018წ. – 20.1%, 2019წ. – 19.5% და 2020წ.- 21.3%.

        სიღარიბე და მისი მასშტაბი ცხოვრების  დაბალი დონის მაჩვენებელია და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, 2021-2022 წლების სიღარიბის მაჩვენებლები ჯერ არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული, თუმცა, თუ წინა წლების გამოცდილებით ვიმსჯელებთ,  სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი, რაც მეტად არასახარბიელო სურათია.

        აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებებიც, რომლებიც ცდილობენ ახსნან ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები, კერძოდ კი, ის თუ რამდენად სწორად იმართება ქვეყნის შიგნით არსებული მონეტარული თუ ფისკალური პოლიტიკა. ყველა ერთხმად აღიარებს იმ ფაქტს, რომ ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს მიწოდების მხარეს არსებული შეფერხებები და სერთაშრისო სასაქონლე ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასები წარმოადგენს, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ადგილობრივ სამომხმარებლო ფასებზე. ამავდროულად გამოყოფენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში დაწყებულ მზარდ ფისკალურ სტიმულს, საკრედიტო აქტივებისა და დაგროვილი ჭარბი დანაზოგების არხით, რაც ფასების ზრდის დამატებით განმაპირობებელი ფაქტორია.

        ყველასათვის ცნობილია, რომ  2009 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი  მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით. ეს გულისხმობს იმას, რომ ის განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივ, წლიურ  მაჩვენებელს. როგორც ცნობილია, 2019-2022 წლებისთვის, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები ყველა ქვეყანაში  არ მუშაობს, შესაბამისად, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველგან არ გამოიყენება. მეტიც, განვითარებადი ქვეყნებისათვის, ის ისეთი გამოწვევების მიზეზია, როგორიცაა ფისკალური დეფიციტი, ფისკალური დომინაცია, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი და ყველაზე მთავარი - მაღალი ინფლაცია, შესაბამისი თანმდევი მაღალი რყევებით, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება დასაბალანსებლად.

         როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში 2019-2022 წლებში, ინფლაციის წლიური, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, სინამდვილეში კი ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი, აღემატებოდა ამ უკანასკნელს. მეტიც, 2022 წლის აპრილის თვის ბოლო მონაცემების მიხედვით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 12.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკის ექსპერტის, აკად. ვლ. პაპავას შეფასებით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში თარგეთირების რეჟიმი არ მუშაობს, რომ ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაციის რეგულირების მექანიზმი ცენტრალურ ბანკს საერთოდ არ გააჩნია, რაც დამატებითი ეკონომიკური პრობლემების სათავეს წარმოადგენს. (პაპავა, 2021, interpressnews). სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ფასების საერთო ზრდა გამოწვეულია მსოფლიოში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისით და ის არანაირ კავშირში არაა ქვეყნის შიგნით არსებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობასთან.   ფაქტი ერთია, საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და დღევანდელი მონაცემებით მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა, რაც პირადად ჩემთვის, როგორც მკვლევარისათვის, უფრო მეტად ამყარებს ბატონი ლადო პაპავას მოსაზრებას.

 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

      ამგვარად, შეიძლება გამოიყოს ინფლაციის რამდენიმე მიზეზი. პირველია, ქვეყანაში მოქმედი არაეფექტური მონეტარული პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად თარგეთირების რეჟიმის არსებობა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. მეორე მხრივ, მიწოდების მხარეს არსებული შეფერხებები და საერთაშორისო სასაქონლე ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასები, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ადგილობრივ სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. საზოგადოების მხრიდან ინფლაციის მოლოდინის მაღალი მაჩვენებელი, რაც განსაკუთრებით მწვავეა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ყველაფერი ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ რეალობას.

        პრობლემა კომპლექსურია,  არავინ დაობს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი ისეთი ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება უნდა იყოს, რომელიც ინფლაციის სტაბილურ მაჩვენებელს განაპირობებს. ზემოთ წარმოდგენილი საგანგაშო ციფრების ფონზე, აუცილებელია მუშაობა რამდენიმე მიმართულებით:  საბაზო სისტემის მექანიზმების ყოველმხრივი განმტკიცება, ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვ.) განვითარების ხელშეწყობა, ინფლაციური მოლოდინების ჩაქრობა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, გრძელვადიანი ფულადი პოლიტიკა და სხვა მრავალი.

 

 

 

 

ლიტერატურა:

  • International Monetary Fund (2022). Country Data, Inflation Rate, Average Consumer Prices (Annual Percent Change) - https://www.imf.org/en/Countries/GEO
  • ჯეოსტატი (2022, მარტი). - ინფლაცია საქართველოში   https://www.geostat.ge/media/44353/ინფლაცია-საქართველოში%2C-2022-წლის-მარტი.pdf
  • ჯეოსტატი (2022). სამომხმარებლო კალათის წონები %. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia
  • კვარაცხელია ვ. (2021). - „გაიზარდა, თუ  არა ხელფასი სინამდვილეში?!“,  „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედია პროექტი -  ფაქტ-მეტრი -  თბილისი,  - https://factcheck.ge/ka/story/39960-გაიზარდა-თუ-არა-ხელფასი-სინამდვილეში
  • „ტაბულა - ახალი ამბები“ (2021, 17სექტემბერი) - საშუალო ხელფასი არ გაზრდილა, ლარი გაუფასურდა,  - https://tabula.ge/ge/news/673160-sashualo-khelpasi-ar-gazrdila-lari-gaupasurda
  • ჯეოსტატი (2022). - დასაქმება და უმუშევრობა  - https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  • ჯეოსტატი (2021, IV კვარტალი). სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა)       https://www.geostat.ge/media/43199/სამუშაო-ძალის-მაჩვენებლები---2021-წლის-IV-კვ%2C-2021.pdf
  • ჯეოსტატი (2022, I კვარტალი). სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა) - https://www.geostat.ge/media/45260/სამუშაო-ძალის-მაჩვენებლები---2022-წლის-I-კვარტალი.pdf
  • საქართველოს ეროვნული ბანკი (2021,ოქტომბერი).  „მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ -  - https://nbg.gov.ge/fm/პუბლიკაციები/ანგარიშები/მონეტარული_პოლიტიკის_ანგარიში/2021/mpr-2021q4-geo-final.pdf?v=odoc6
  • ჯეოსტატი (2020). - შინამეურნეობების შემოსავლები, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/50/shinameurneobebis-shemosavlebi  (ბოლო ნახვა 2022წ.მაისი).
  • ჯეოსტატი (2020). - შინამეურნეობების ხარჯები,  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/51/shinameurneobebis-kharjebi (ბოლო ნახვა 2022წ.მაისი).
  • ჯეოსტატი (2020). ცხოვრების დონე, https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  • ჯეოსტატი (2022). - საარსებო მინიმუმი. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi
  • კოხრეიძე თ. (2021). - „ცხოვრების დონე“ სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალი http://geoeconomics.ge/?p=12978
  • ჯანიაშვილი მ. (2021). - “ინფლაცია და მისი გამომწვევი მიზეზები”. საზოგადოებრივი მაუწყებელი - https://1tv.ge/analytics/inflacia-da-misi-gamomwvevi-mizezebi/
  • პაპავა ლ. (2021). აუცილებელია შევცვალოთ ეკონომიკისადმი მიდგომა - interpressnews. https://www.interpressnews.ge/ka/article/659123-lado-papava-aucilebelia-shevcvalot-ekonomikisadmi-midgoma/.
  • (ლინკების ბოლო ნახვა 2022წ.აპრილი).

 

References:

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi  (in Georgian)

(Last seen links  2022, April)